პოლიკარპე კაკაბაძე (დ. 23 თებერვალი/7 მარტი, 1893, სოფელი დიდი კუხი, ხონის მუნიციპალიტეტი — გ. 15 ოქტომბერი, 1972, თბილისი) – დრამატურგი. დაამთავრა ბათუმის ვაჟთა გიმნაზია 1911 წელს. მისი პირველი ნოველა “ბრძენი მოქანდაკე” დაიბეჭდა 1915 წელს ჟურნალში “თეატრი და ცხოვრება.” კაკაბაძის პირველი მნიშვნელოვანი დრამატული ნაწარმოებია რევოლუციური ბრძოლის ამსახველი პიესა “გზაჯვარედინზე”, რომელიც წარმატებით დაიდგა ბაქოს სცენაზე 1918 წელს. 1919 წელს კაკაბაძის მიერ დაარსებულ ჟურნალში “შვიდი მნათობი” დაიბეჭდა მისი პიესები “სისხლი სინათლემდე” და “სამი ასული” . 1925 წელს რუსთაველის სახელობის თეატრის სცენაზე დაიდგა მისი დრამა “ლისაბონის ტუსაღები”. დიდი პოპულარობით სარგებლობდა პ. კაკაბაძის კომედია “ყვარყვარე თუთაბერი”, პირველად დაიდგა 1929 წელს, პ. კაკაბაძის ისტორიული პიესა “კახაბერის ხმალი” (“დავით მერვე”, 1954), პირველად დაიდგა 1957 წელს ქუთაისში, 1965 წელს კი – თბილისში. სიცოცხლის ბოლო ათწლეულში პ. კაკაბაძე ინტენსიურად მუშაობდა ისტორიულ დრამისა და ტრაგედიის ჟანრში. ამ პერიოდში მან გამოაქვეყნა დრამატული პოემები “მეფე ვახტანგ პირველი” (1966), “მეფე ბაგრატ მეშვიდე” (1967), ტრაგედია “მეფე დიმიტრი თავდადებული” (1971). მან სიცოცხლეშივე მოიპოვა თანამედროვე კრიტიკისა და საზოგადოებრიობის დიდი აღიარება. მისი “ყვარყვარე თუთაბერის” მიხედვით შექმნილია ფილმი “ყვარყვარე.” დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

