ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი (დ. 14 ივლისი, 1888, მატანი, თბილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია; გ. 1930, 27 ივლისი, პასი, საფრანგეთი) – სამხედრო მოღვაწე, პოლკოვნიკი. იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე. 1922—1924 წლებში ხელმძღვანელობდა პარტიზანულ ბრძოლას საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ. საქართველოს ეროვნული გმირი. 1922 წლის 12 მარტს ჩოლოყაშვილი თავის თანამოაზრეებთან ერთად ქიზიყიდან ტყეში გაიჭრა და პარტიზანულ ბრძოლას შეუდგა. ხევსურეთში რაზმის წევრებმა ერთმანეთს საზეიმოდ შეჰფიცეს, რომ მედგრად იბრძოლებდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის დასაბრუნებლად. ამ ფიცის გამო მათ შეფიცულთა რაზმი ეწოდათ. 4 სექტემბერს შიომღვიმის ტყეში დააპატიმეს დამკომის წევრები: კოტე ანდრონიკაშვილი და იასონ ჯავახიშვილი. მათ აჯანყების დამარცხება ოფიციალურად აცნობეს ქართველ ხალხს. ამის მიუხედავად ჩოლოყაშვილი აგრძელებდა ბრძოლას და 6 სექტემბერს, ხევ-გძელასთან,კახეთში კიდევ დაამარცხა წითელი არმია. ქაქუცა ჩოლოყაშვილმა რამდენიმე დღე თბილისს უტრიალა, მაგრამ დარწმუდა ბრძოლის გაგრძელების ამაოებაში. ოქტომბრის ბოლოს 26 თანამებრძოლთან ერთად თურქეთის გავლით საფრანგეთში გადაიხვეწა. ჯერ ავსტრიის ფრონტზე და შემდეგ სარიყამიშში მიყენებულმა მძიმე ჭრილობებმა ემიგრაციაში იჩინა თავი. თანამებრძოლებმა ქაქუცა ოსტსაუას სანატორიუმში მოათავსეს, მაგრამ მკურნალობამ ამაოდ ჩაიარა და 1930 წლის 27 ივნისს ის ტუბერკულოზის შედეგად გარდაიცვალა. ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტი გადაასვენეს ლევილის ქართველთა სასაფლაოზე. 2005 წლის 21 ნოემბერს ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტი თბილისში გადაასვენეს. წმინდა სამების საკათედრო ტაძარში მისი სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ. ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცხედარი 23 ნოემბერს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.



