რაფიელ ინგილო-ივანიცკი (დ. 23 ივლისი, 1886 — გ. 27 ივნისი,1966) – იურისტი, პუბლიცისტი, სასულიერო პირი. დაიბადა სოფელ კახში. რაფიელ ინგილო თავდაპირველად თელავის სასულიერი სასწავლებელში სწავლობდა, შემდეგ – თბილისის გიმნაზიაში. პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დამთვრების შემდეგ თბილისში დაბრუნდა და ბარბარე ილიას ასულ ხარაშვილზე (სპეციალობით პროვიზორი) დაქორწინდა. სამშობლოში დაბრუნებული რაფიელ ივანიცკი აქტიურ საზგოგდოებრივ მოღვაწეობა დაიწყო. სხვადასხვა დროს მუშაობდა პედაგოგად და იურისტად. 1916 წლიდან ქართულ პერიოდულ პრესაში ხშირად ქვეყნდებოდა მისი პუბლიცისტური წერილები საზოგადოებრივი ცხოვრების სხვდასხვა საკითხებზე. 1917 წლის ივნისში რაფიელ ივანიცკი შევიდა საქართველოს ეროვნულ–დემოკრატიულ პარტიაში. იყო პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი და მდივანი. რაფიელ ინგილო არჩეული იყო საქართველოს საკათალიკოსო საბჭოს წევრად და მდივნად. მან აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა–გამოცხადების საქმეში. საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის (1918 წ. 26 მაისი) შემდეგ დამფუძნებელ კრებაში არჩეული იქნა საინგილოს დეპუტატად. 1918-1920 წლებში გამოქვეყნებულ პუბლიცისტურ წერილებში მკაცრად ამხელდა ხელისუფლების სათავეში მოსული სოციალ–დემოკრატების კოსმოპოლიტურ პოლიტიკას. 1921 წ. თებერვალში საქართველოში ათეისტურ იდეოლოგიაზე დაფუძნებული ბოლშევიკური რეჟიმის დამყარება მიუღებელი იყო რაფიელ ინგილოსათვის. 1921 წ. 5 ივლისს მან ხმა აღიმაღლა იმ ხელშეკრულების წინააღმდეგ, რომლის ძალითაც საინგილო აზერბაიჯანის სსრ გადაეცა. 1922 წ. თებერვლის პირველ რიცხვებში რაფიელ ინგილო დააპატიმრეს, დაპატიმრების მიზეზი უცნობია, თუმცა შესაძლებელია მიზეზი მესამე საეკლესიო კრებაზე მისი რადიკალური გამოსვლა ყოფილიყო. 1922 წ. 24 მარტს საქართველოს კათალიკოს–პატრიარქმა ამბროსი ხელაიამ ხელისუფლებას წერილობით მიმართა და თხოვა რაფიელ ინგილოს განთავისუფლება. როგორც ჩანს მთავრობამ დააკმაყოფილა საქართველოს კათოლოკოს–პატრიარქის თხოვნა და 1922 წლის მეორე ნახევარში რაფიელი ემიგრაციაში გაემგზავრა. ევროპაში რაფიელ ინგილო ცოტა ხანს გერმანიაში (ბერლინი) ცხოვრობდა, შემდეგ ვენაში, 1924-1948 წლებში – რომში. იგი, როგორც საქართველოს ეკლესიის საკათალიკოსო საბჭოს წევრი რომის პაპის კარზე საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლად ითვლებოდა. სასულიერო მოღვაწეობასთან ერთად რაფიელ ინგილო აქტიურად თანამშრომლობდა ესპანურ რადიოსა და მიუნხენის რადიო „თავისუფლების“ ქართულ განყოფილებასთან, სადაც რელიგიურ თემებზე ხშირად გამოდიოდა მსმენელის წინაშე. სიცოცხლის ბოლო წლებში რაფიელ ინგილოს ჯანრთელობა შეერყა და პარიზში მოისურვა გადასვლა, სადაც 1966 წლის 27 ივნისს გარდაიცვალა. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

