რამაზ ლაღიძე (1913-1988) – ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი (1952), პროფესორი (1955). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. მიტროფანე ლაღიძის შვილი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1936 წელს. 1953 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის ორგანული სინთეზის ლაბორატორიის გამგე. აცეტილენური გლიკოლების საფუძველზე მიიღო პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები, რომელსაც აგრეთვე “ლაღიძის ნახშირწყალბადებს” უწოდებენ. სამეცნ. მოღვაწეობის პარალელურად 1952 წლიდან ლექციებს კითხულობდა ორგანულ ქიმიაში ქუთაისში სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში, საქართველოს სოხუმის სუბტროპიკულ მეურნეობათა და საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტებში. მანვე საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრთან ჩამოაყალიბა ბიოპრეპარატების სინთეზის ლაბორატორია (1968). დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს ზედა პანთეონში, წმ. გიორგის ეკლესიის ეზოში.

