რეზო ჭეიშვილი (დ. 24 აპრილი, 1933, ქუთაისი — გ. 11 სექტემბერი, 2015, ქუთაისი) – მწერალი და დრამატურგი. რუსთაველის პრემიის ლაურეატი. დაამთავრა ქუთაისის ვაჟთა მერვე (VIII) საშუალო სკოლა 1952 წელს. 1954 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის (ქართული ენა ლიტერატურა) ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1959 წელს. სტუდენტობის პერიოდში უნივერსიტეტის ალმანახ „პირველ სხივში“ და ახალგაზრდულ ჟურნალ „ცისკარში“ გამოაქვეყნა პირველი მოთხრობები. 1961 წლის ჩათვლით, 1992 წლამდე, მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ რედაქტორად, სასცენარო კოლეგიის წევრად, შემოქმედებითი გაერთიანების წევრად და ერთ-ერთ ხელმძღვანელად, პარალელურად მოღვაწეობდა ჟურნალებში „ცისკარი“ და „საუნჯე“. თავმჯდომარეობდა რუსთაველის საზოგადოებას, იმ წლებშივე (1987-1992) დააარსა საზოგადოებრივ-პუბლიცისტური გაზეთი „მოწამეთა“, შემდგომში ილუსტრირებული ჟურნალი „მწვანეყვავილა“. 1992 წელს საქართველოს მწერალთა ყრილობაზე არჩეულ იქნა მწერალთა კავშირის მდივნად, თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, 2000 წლიდან გარდაცვალებამდე იყო საქართველოს მწერალთა ლიტერატურული ფონდის თავმჯდომარე. 1997-98 წლის ორ სეზონს, როგორც დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი უძღვებოდა ქუთაისის აკადემიურ თეატრს. არჩეულ იყო მესამე მოწვევის (1992-1995) პარლამენტის დეპუტატად. დაკრძალულია ქუთაისში, მწვანეყვავილას პანთეონში.


