რუბენ აგაბაბიანი (დ. 30 ოქტომბერი, 1911, თბილისი — გ. 6 დეკემბერი, 1970, იქვე) – სომეხი ხუროთმოძღვარი, პოეტი. 1928 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა და ცნობილი ქართველი მწერლის ნინო ნაკაშიძის ხელშეწყობით განაგრძო სწავლა თბილისის სამხატვრო აკადემიის არქტიეტქურის ფაკულტეტზე. აკადემიის დამთავრების შემდეგ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. იგი გარდაცვალებამდე იყო არქიტექტურის კათედრის პროფესორი. 1949 წელს სამეცნიერო შრომისათვის „საქართველოსა და სომხეთის ცენტრალურ-გუმბათოვან ნაგებობათა კომპოზიცია“, მიენიჭა არქტიტექტურის დოქტორის სამეცნიერო წოდება. რ. აგაბაბიანი მეტად ნაყოფიერი მეცნიერი იყო. ამას მოწმობს მისი ოთხი მონოგრაფია და ასზე მეტი მეცნიერული ნაშრომი. განსაკუთრებით საინტერესოა მისი ფუნდამენტური გამოკვლევა გამოთვლითი ტექნიკის გამოყენება არქიტექტურულ გეგმარებაში, რომელსაც ავტორმა რამდენიმე წელი შეალია. ნაშრომს დიდი გამოხმაურება ქონდა ჩვენშიც და უცხოეთშიც. მეცნიერულ მოღვაწეობასთან ერთად იგი პრაქტიკოსი ხუროთმოძღვარი იყო — მისი პროექტების უმრავლესობა ხორცშესხმულია. ცალკე უნდა აღინიშნოს რ. აგაბაბიანის ლიტერატურული მოღვაწეობა. იგი ოთხი პოეტური კრებულის ავტორია. წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა საქართველოს მწერალთა კავშირის სომხურ სექციას. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

