კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

საბა კლდიაშვილი (1873-1905) –
მეცნიერი, პუბლიცისტი, ქიმიკოსი.
დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკური ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილება 1899 წელს. რამდენჯერმე იყო მივლინებული ბერლინისა და გეტინგენის უნივერსიტეტებში; გააკეთა მრავალი, უმეტესწილად ძნელი ორგანული სინთეზი და დაამზადა სხვადასხვა ორგანული პრეპარატი; 1902 წლიდან თანამშრომლობდა ბერლინის ჟურნალებში, სადაც აქვეყნებდა სტატიებს ორგანული სინთეზის შესახებ; მუშაობა დაიწყო ოდესის უნივერსიტეტის ქიმიურ ლაბორატორიაში, სადაც ხელმძღვანელობდა სტუდენტთა პრაქტიკულ დაოსტატებას; ქართულ პრესაში სისტემატურად ქვეყნდებოდა მისი გამოკვლევები. ავტორია პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელოსი ქიმიაში – “მოკლე მინერალური ქიმია. ამ სახელმძღვანელოთი მან საფუძველი ჩაუყარა ქართულ ენაზე ქიმიური ტერმინოლოგიის შექმნის საქმეს. სახელმძღვანელო წარმოადგენს ზოგადი ქიმიის კურსს, რომელშიც გაშუქებულია კლასიკური ქიმიის მეცნიერული საფუძვლები და მოცემულია ქიმიური ექსპერიმენტების მეთოდიკა.
1905 წელს კლდიაშვილმა დარბევას გადაარჩინა ოდესელ ებრაელთა ოჯახი, რის გამოც იგი შავრაზმელებმა მოკლეს.
მისი ცხედარი ბათუმის გავლით ქუთაისში გადაასვენეს. მისი დაკრძალვა საფიჩხიის სასაფლაოზე მთავრობის პოლიტიკის წინააღმდეგ მასობრივ დემონსტრაციად იქცა.
დაკრძალულია ქუთაისში, საფიჩხიას სასაფლაოზე.
საფლავის ფოტო მოგვაწოდა პროფესორმა ნიკო ჩიხლაძემ.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments