შალვა აზმაიფარაშვილი (დ. 25 დეკემბერი, 1902/7 იანვარი, 1903, თბილისი — გ. 17 მაისი, 1958)
ქართველი დირიჟორი და კომპოზიტორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1941).
1930 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია საორკესტრო (პროფესორი ა. ილინსკის კლასი), საკომპოზიციო (პროფ. ს. ბარხუდარიანის კლასი) და სადირიჟორო (პროფ. მ. ბაგრინოვსკის კლასი) განხრით, 1933 წელს კი – ასპირანტურის სადირიჟორო განყოფილება პროფ. ა. გაუკისა და ე. მიქელაძის ხელმძღვანელობით. 1923-1928 წლებში უკრავდა სასულე და სიმფონიურ ორკესტრებში. 1932 წლიდან იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დირიჟორი, ხოლო 1938-1952 წლებში მთავარი დირიჟორი. 1943-1953 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს რადიოს სიმფონიურ ორკესტრს, 1954-1957 – საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრს. იყო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს I-III მოწვევების დეპუტატი. დაჯილდოებულია “საპატიო ნიშნის” ორდენით.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

