კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

სამსონ თოფურია (1854-1904)
თერაპევტი, ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზატორი
1885 წელს ს. თოფურიამ დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამკურნლო ფაკულტეტი და მიენიჭა ექიმის წოდება. იგი ცოდნის გაღრმავების მიზნით, გერმანიაში მიემგზავრებოდა ცნობილ პროფესორ ვირხოვთან, რომის კლინიკებში წელიწადზე მეტ ხანს დაჰყო. გერმანიიდან სამსონ თოფურია გაემგზავრა შვეიცარიაში სადაც გაეცნო კლინიკური მედიცინის უკანასკნელ მიღწევებს, ახალ მეთოდებს, რენტგენთა და ფიზიოთერაპევტული მეთოდებით მკურნალობის დარგში. ჟენევიდან წამოსვლისას, მან თან წამოიღო კლინიკის შენობის გეგმა, ის ოცნებობდა რომ სამშობლოშიც ააგებდა ასეთ სამკურნალოს.
1887 წელს სამსონ თოფურია დაბრუნდა ქუთაისში, სადაც, მკურნალობის საქმე ორი–სამი კერძო პრაქტიკოსი ექიმისა და ექმიმბაშების ხელში იყო.
მკურნალმა ქუთაისში სტაციონალური სამკურნალოს გახსნა მოითხოვა, რასაც წინ სკეპტიკოსები და ექმიმბაშები აღუდგნენ. მისი კატეგორიული მოთხოვნით ქ. ქუთაისის თვითმმართველობამ გადაწყვიტა საავადმყოფოს აგება, მიწის ნაკვეთის შერჩევა კი თვითონ მას მიანდო. სამსონ თოფურიამ გამოძებნა სახსრები, რიონის პირას შეეძინა მიწის ნაკვეთი, თბილისიდან მოეწვია არქიტექტორ და მშენებელი ინჟინერი. 3 წლის შემდეგ 1890 წლის 1 მაისს სამოცდახუთმეტი საწოლით გაიხსნა საავადმყოფო, რომელსაც ,,სამსონ თოფურიას სამკურნალო“ ეოდა. ილია ჭავჭავაძემ ეს ფაქტი ,,ივერიის“ ფურცლებიდან მილოცვით ამცნო ქართველ ხალხს. სამსონ თოფურიამ საავადმყოფო აღჭურვა გერმანიიდან და შვეიცარიიდან ჩამოტანილი სამედიცინო ინსტრუმენტებით, საავამყოფოს ჰქონდა საკუთარი წყალსადენი, ბერკჰგოლის ფილტრით, ადგილობრივი ელექტროგანათება, ხოლო ქვემო სართულში მოწყობილი იყო სააბაზანო განყოფილება.
აღსანიშნავია, რომ სამსონ თოფურია პირადად აკონტროლებდა ყველაფერს, უშუალოდ მონაწილეობდა ოპერაციებში. ყოველივე ამან აამაღლა საავადყოფოს ავტორიტეტი და აქ ავადმყოფები სამკურნალოდ მოდიოდნენ არა მარტო საქართველოს ყველა კუთხიდან, არამედ ოსმალეთიდან და შორეული ირანიდანაც კი.
სამსონ თოფურიასა და დიმიტრი ნაზარიშვილის თაოსნობით საავადმყოფოს ბაზაზე 1892 წელს შეიქმნა დასავლეთ საქართველოს ექიმთა სამეცნიოერო საზოგადოება, რომელმაც დიდი როლი შეასრულა მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების საქმეში.
1898 წელს აკაკი წერეთლი მძიმე ავადმყოფი (ორმხრივი ფილტვების ანთებით) მიუყვანიათ ამ საავადმყოფოში. სამსონ თოფურიას პირადად მზრუნველობისა და კარგი მკურნალობის შედეგად აკაკი  გამოჯანმრთელდა და აქ დაასრულა თავისი შესანიშნავი ნაწარმოები ,,გამზრდელი“.
სამსონ თოფურია ოცნებობდა თავისი სამკურნალო სამეცნიერო–კვლევით კერად გადაექცია. დაუღალავმა მუშაობამ დაღი დაასვა სამსონ თოფურიას ჯანმრთელობას და მძიმე ავადმყოფობის (ტუბერკულოზი, დიაბეტი) შედეგად 1904 წლის 23 ივლისს 50 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების წინ მან დატოვა ანდერძი, რომ სამკურნალო უსასყიდლოდ გადაეცა ქალაქ ქუთაისს. ეს სამკურნალო იმავე შენობაში დღესაც ფუნქციონირებს და ატარებს სამსონ თოფურიას სახელს.
თავდაპირველად სამსონ თოფურია ქუთაისის ცენტრში მდებარე მთავარანგელოზისსახელობის ეკლესიის ეზოში დაკრძალეს, ხოლო მისი დანგრევის შემდეგ საფიჩხიის სასაფლაოზე იქნა გადასვენებული. ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2001 წლის 3 იანვრის N125 დადგენილებით, 2001 წლის 18 ივნისს სამსონ თოფურია გადასვენებული იქნა მწვანეყვავილას პანთეონში, სადაც მოქანდაკის ი. ნიკოლაძის შესრულებული ბიუსტი დადგეს.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments