სანდრო ეული (ალექსანდრე ქურიძე) (1890-1965) – პოეტი, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი. მშობლიურ სოფელში დაწყებითი განათლების მიღების შემდეგ, შევიდა ოზურგეთის სასოფლო-სამეურნეო სკოლაში, მაგრამ მოსწავლეთა გამოსვლებში მონაწილეობისათვის გარიცხეს და მხოლოდ 1907 წელს დაამთავრა ლანჩხუთის სამოქალაქო სასწავლებელი. შრომითი საქმიანობა დაიწყო ფოთში, ნავსადგურის მუშად; აქვე ჩაება რევოლუციურ გამოსვლებში. შემდეგ გადავიდა ბაქოში, სადაც 1914 წელს დააპატიმრეს. თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში. სანდრო ეულის პირველი ლექსები გამოქვეყნდა 1909 წელს, ბაქოში ყოფნისას აქტიურად მონაწილეობდა ქართული ჟურნალის წყაროს გამოცემაში. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ იგი სათავეში ჩაუდგა პროლეტარულ მწერალთა ასოციაციას, რედაქტორობდა გაზეთ კომუნისტს. 1963-1964 წლებში გამოქვეყნდა პოეტის თხზულებათა ორტომეული. იყო ჟურნალ ნიანგის რედაქტორი. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

