კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

სარგის კაკაბაძე (დ. 7 ოქტომბერი/19 ოქტომბერი, 1886, სოფელი კუხი, ხონის მუნიციპალიტეტი — გ. 2 აპრილი, 1967, თბილისი) –
ისტორიკოსი და ფილოლოგი, პროფესორი (1949).
სწავლობდა ვენის უნივერსიტეტში, დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტი. 1911-1919 წლებში კითხულობდა ლექციებს თბილისის ქალთა უმაღლეს კურსებზე, ხოლო შემდეგ, 1952 წლამდე, საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. 1918-1932 წლებში იყო სსრკ მეცნიერებათა აკადემიის კავკასიის ისტორია-არქეოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელი, 1921-1926 — საქართველოს ისტორიის არქივის გამგე, 1945-1961 — იმავე არქივის ძველი აქტების განყოფილების გამგე. 1924-1934 წლებში ხელმძღვანელობდა სიძველეთა დაცვის კომიტეტს. გამოქვეყნებული აქვს შრომები საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ისტორიის, დამხმარე ისტორიის დისციპლინების, ფილოლოგიისა და ტექსტოლოგიის საკითხებზე. შეისწავლა და გამოაქვეყნა მრავალი ისტორიული დოკუმენტი. მისი რედაქტორობით გამოქვეყნდა ვეფხისტყაოსანი ვრცელი გამოკვლევებით (1913, 1927), ჩახრუხაძის „თამარიანი“ (1937), შავთელის „აბდულმესიანი“ (1913, 1937) და „ამირანდარეჯანიანი“ (1939). მუშაობდა ეთნოგენეზის, ისტორიული გეოგრაფიისა და დემოგრაფიის, ადმინისტრაციული დაყოფისა და მმართველობის საკითხებზე. იყო „საისტორიო მოამბის“ (1924-1925, 4 წიგნი), „საისტორიო კრებულის“ (1928-1929, 4 წიგნი) რედაქტორი.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთან ერთად დაკრძალულია საურმაგ კაკაბაძე (დ. 2 ივნისი, 1928, თბილისი — გ. 23 სექტემბერი, 1977, ლენინგრადი) – ისტორიკოსი, ფილოლოგი.
      
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments