სერგო გორგაძე (დ. 1876, სოფ. ილემი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტი — გ. 10 ივლისი, 1929, თბილისი) — ლიტერატურათმცოდნე, ისტორიკოსი, ენათმეცნიერი და პედაგოგი. 1886 წელს შევიდა დ. 1890 წელს დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი; 1897 წელს — თბილისის სასულიერო სემინარია ხოლო შემდეგ — ყაზანის სასულიერო აკადემია. 1901 წელს მიენიჭა კანდიდატის ხარისხი. მისი უმთავრესი ისტორიული ნაშრომებია: „წერილები საქართველოს ისტორიიდან“ (წგ. 1-2, 1906-1908), „საქართველოს მე-18 საუკუნის სამხედრო ისტორიის მასალები“ (1927) და სხვ. გორგაძე ავტორია ქართული ვერსიფიკაციის პირველი სისტემური კურსისა („ქართული ლექსი“, 1930), რომელშიც განხილულია მახვილის, მეტრიკის, სტროფიკის, რითმისა და ლექსის კომპოზიციის საკითხები. გორგაძემ შეადგინა ქართული ლიტერატურის ქრესტომათიები: „ჩვენი ძველი მწერლობა და ხალხური პოეზია“ (1915), „ჩვენი ახალი მწერლობა“ (წგ. 1-2, 1917-1918) და სხვ. მანვე გამოსცა ბესიკის თხზულებანი (1912), ნემესიოს ემესელის „ბუნებისათვის კაცისა“ (1914), იაკობ ხუცესის (ცურტაველის) „შუშანიკის წამება“ (1917). საყურადღებოა გორგაძის გამოკვლევა „ქართული სადასიტყვაობა“ (1915), რომელიც ქართული წინადადების საკითხებს ეძღვნება. თავისი დროისათვის ძალზე საჭირო წიგნად იყო მიჩნეული აგრეთვე მისი „ქართული მართლწერა“ (1916).
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

