სერგო ზაქარიაძე (დ. 1 ივლისი [ძვ. სტ. 18 ივნისი], 1909, ბაქო ― გ. 13 აპრილი, 1971, თბილისი)
ქართველი მსახიობი, სსრკ-ის სახალხო არტისტი (1958), რუსთაველის პრემიის ლაურეატი.
სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1926 წელს მუშაობა დაიწყო რუსთაველის სახელობის თეატრში, 1928-დან იყო კ. მარჯანიშვილის მიერ ქუთაისში დაარსებული თეატრის (შემდეგ მარჯანიშვილის სახელობის თეატრი) მსახიობი, 1956 წელს გადავიდა რუსთაველის თეატრში.
1934 წლიდან მოღვაწეობდა კინოში. ზაქარიაძემ საქვეყნოდ გაუთქვა სახელი ქართულ კინოს. ზაქარიაძე 1955-1960 წლებში სცენურ მეტყველებას ასწავლიდა თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში.
დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.

