შალვა ამირეჯიბი (დ. 15 იანვარი, 1887, ხურვალეთი, გორის მაზრა ― გ. ივლისი, 1943, პარიზი) — პოეტი, პოლიტიკური მოღვაწე, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის დროს, 1918-1921 წლებში, ეროვნული საბჭოს და დამფუძნებელი კრების წევრი. დაამთავრა თბილისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია. 1906 წელს უმაღლესი განათლების მისაღებად ევროპაში გაემგზავრა. 1907-1909 წლებში იყო ვენის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაჯკულტეტის თავისუფალი მსმენელი. უსახსრობის გამო სწავლა ვერ გააგრძელა და 1909 წელს სამშობლოში დაბრუნდა. თანამშრომლობდა ჟურნალ „ერში“. ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ დაუბრუნდა პუბლიცისტურ საქმიანობას. დაუახლოვდა ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების პოლიტიკურ ჯგუფს და მათთან ერთად დააარსა ჟურნალი „კლდე“ . იყენებდა ფსევდონიმს „ფარსმან-ფარუხი“, „შ. ა.“ და სხვა. 1914 წელს გადასახლდა ქუთაისშ, სადაც რედაქტორობდა ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების გაზეთ „სამშობლოსა“ და „იმერეთს“. ამ პერიოდში გამოაქვეყნა მისი ნაწარმოებები. 1915 წელს ამირეჯიბი გაიწვიეს ჯარში და გაგზავნეს პირველი მსოფლიო ომის დასავლეთის ფრონტზე. ჯარში ამირეჯიბმა წელიწადნახევარი იმსახურა. 1917 წელს თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში და გახდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი, პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი, მუშაობდა პარტიის ბეჭდვით ორგანო „საქართველოში“. 1917 წლის სექტემბერში აკაკი ჩხენკელთან ერთად მონაწილეობდა პეტროგრადის თათბირის მუშაობაში, არჩეული იყო წინასწარი პარლამენტის წევრად. 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წელს დემონსტრაციულად არ მოაწერა ხელი საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს, რადგან რესპუბლიკა არ მიაჩნდა საქართველოსთვის გამართლებულ მმართველობის ფორმად. 1920 წელს გახდა საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი. 1922 წლის 10 თებერვლიდან გადავიდა არალეგალურ მდგომარეობაში და თავს აფარებდა დასავლეთ საქართველოს. ემიგრაციაში შალვა ამირეჯიბი თავის ლექსებს, პროზაულ ნაწარმოებებსა და პუბლიკაციურ წერილებს აქვეყნებდა ქართულ ემიგრანტულ პრესაში. 1942 წელს თანამოაზრეებთან ერთად მონაწილეობდა ბერლინში ქართული ნაციონალური კომიტეტის ფორმირებაში. დაკრძალულია სენტ–უანის სასაფლაოზე.

