შალვა ღლონტი (დ. 15 ოქტომბერი, 1912, ლანჩხუთი — გ. 2 ნოემბერი, 1970, თბილისი) – მეცნიერ-რუსთველოლოგი, პროფესორი. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობდა ყაზბეგის რაიონის სოფელ სიონის სკოლაში, მაჩხაანის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში, შემდეგ მოღვაწეობდა სიღნაღის რაიონულ გაზეთში. პარალელურად სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დაამთავრა საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურა და 1947 წლიდან ლექციებს კითხულობს სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში, ხოლო 1962 წლიდან შ. რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ მუშაკია, ამავე დროს „ვეფხისტყაოსნის“ აკადემიური ტექსტის დამდგენი კომისიის წევრია. შალვა ღლონტი, როგორც კვალიფიციური რუსთველოლოგი, 1967 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციების კურსს „ვეფხისტყაოსნის“ პოეტიკის საკითხებზე. ფართოდაა ცნობილი მისი სამეცნიერო შრომები და მონოგრაფიები: „ვეფხისტყაოსნის მხატვრული ენის სპეციფიკურობის პრობლემა“, „ქართველი მწერლების მხატვრული ოსტატობის თავისებურებანი“, „ვეფხისტყაოსნის“ ფრაზეოლოგიური ლექსიკონი და სხვა.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

