შალვა კარმელი (გოგიაშვილი) (დ. 1899, ქუთაისი – გ. 19 იანვარი, 1923, თბილისი) –
პოეტი, ცისფერყანწელთა წევრი.
1918-19 წლებში თბილისში ცხოვრობდა. 1920 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიტყვიერების ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. 1921 წელს შალვა კარმელი აირჩიეს სრულიად საქართველოს მწერალთა კავშირის წევრად და ამავე წელს იგი ოფიციალურად შედის “ცისფერყანწელთა” ორდენში, როგორც ნამდვილი წევრი. იგი ყველაზე ახალგაზრდა იყო მათ შორის. თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებში. შალვა კარმელს მკურნალობის კურსი ჩაუტარებია აბასთუმანში, რასაც ადასტურებს მის პირად არქივში არსებული სამედიცინო ცნობა, გაცემული აბასთუმნის საკურორტო მმართველობის მიერ 1922 წლის 10 სექტემბერს. 1922 წლის 13 სექტემბერს შალვა აბასთუმნიდან ჩამოდის ქუთაისში და შემდეგ თბილისში, მაგრამ შერყეული ჯანმრთელობა საშუალებას არ აძლევს, გააგრძელოს აქტიური ლიტერატურული მოღვაწეობა. 1923 წლის 19 იანვარს ენა ჩაუვარდა და 25 იანვარს, ღამის პირველ საათზე, გარდაიცვალა, სიკვდილის წინ შეძლო რამდენიმე სიტყვის თქმა: უკანასკნელი სურვილი იყო, რომ მის დასაფლავებას დასწრებოდნენ მეგობრები ახალი მწერლობის კავშირიდან. თავდაპირველად ქუთაისის მთავარანგელოზის ეკლესიის ნეკროპოლში დაკრძალეს. ქალაქკომის აშენების მიზნით, ეს ეკლესია 40-იან წლებში, ომის პერიოდში დაანგრიეს. ოჯახმა შალვა კარმელი საფიჩხიის სასაფლაოზე ამ დროს გადაასვენა. საფლავის ფოტო გადაღებულია ბატონი თემურ ჭახნაკიას მიერ.

