შალვა თაქთაქიშვილი (დ. 27 აგვისტო, 1900, სოფელი ქვემო ხვითი, ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტი — გ. 18 ივლისი, 1965, თბილისი)
კომპოზიტორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.
1928 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია, პროფესორ ს. ბარხუდარიანის საფორტეპიანო კლასი. 1928 წლიდან იწყებს პედაგოგიურ მოღვაწეობას — ჯერ ბათუმში, შემდეგ თბილისის კონსერვატორიაში, რომლის პროფესორიც იყო 1941 წლიდან. აქ იგი ხელმძღვანელობდა საოპერო კლასის და დირიჟორობდა საოპერო სტუდიის ორკესტრს.
შალვა თაქთაქიშვილმა საკომპოზიციო მოღვაწეობა ჯერ კიდევ 1922 წლიდან დაიწყო. იგი იყო საქართველოში კამერულ-ინსტრუმენტული ჟანრის ერთ-ერთი პიონერი. მან შექმნა 2 სიმებიანი კვარტეტი, ორი საფორტეპიანო ტრიო, სავიოლონჩელო სიმღერები „ურმული“ და „იავნანა“. შალვა თაქთაქიშვილს დიდი წვლილი მიუძღვის „საქართველოს ახალგაზრდა მუსიკოსთა საზოგადოების“ დაარსებასა და ქართული სიმფონიური ორკესტრის შექმნაში.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

