შარლოტა კვანტალიანი (დ. 1 აპრილი, 1950, აბაშა, — გ. 7 სექტემბერი, 2022)
პოეტი, მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი და ფოლკლორისტი.
დაიბადა 1950 წლის 1 აპრილს, ქალაქ აბაშაში. დაამთავრა რუსთავის №15 საშუალო სკოლა. დაამთავრა თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტი 1975 წელს.
1980 წლიდან მუშაობდა ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1991 წელს გახდა მწერალთა კავშირის ქვემო ქართლის ლიტერატურული ორგანოს, ალმანახ „ალგეთის” მთავარი რედაქტორი, სადაც დააფუძნა გამომცემლობა „ვეფხისტყაოსანი”. მისი ინიციატივით, 1994 წელს კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა „ლიტერატურული დაოსტატების” ფაკულტეტი, სადაც ლექციებს კითხულობდა.
დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ზნეობრივი გმირის პრობლემა ქართულ ფოლკლორში“. 1997 წელს დააფუძნა სამეცნიერო-სალიტერატურო გაზეთი „კალმასობა”. იმავე წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში მეცნიერ-მუშაკად.
დაკრძალულია თბილისში, მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
