შერიფ ხიმშიაშვილი (დ. 1829 — გ. 1892, პეტერბურგი) – დიდი თავადი, ზემო-აჭარის უკანასკნელი მთავარი, გენერალ-მაიორი, საზ. მოღვაწე, აჰმედ-ფაშას ძე. ბათუმისათვის ბრძოლაში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა აჭარის ბეგების მიერ დაკავებულ პოზიციას. მათ შორის ყველაზე ძლიერი შერიფ ბეგ ხიმშიაშვილი მტკიცედ ადგა რუსეთის ორიენტაციას და აჭარის საქართველოსთან შეერთების გზას. 1880 წელს პეტერბურგში ჩავიდა რუსეთის იმპერატორმა მიიღო სიტყვებით: „არ დავივიწყებ ომის დროს შენს მიერ გაწეულ სამსახურსო“. ამ დროს შერიფ-ბეგი რუსის სახელმწიფო სამსახურში შტაბ-ოფიცრის ხარისით იყო; დაენიშნა პენსია მისი ხარისხის შესაფერისი; თანაც გამოეცხადა, რომ თუ ვინიცობაა, აჭარა ისევ ოსმალთ დარჩა და თქვენ იძულებულ იქმენით აქაურობა დატოვოთ, მაშინ რაც ამ მხარეში მამული გაქვთ, იმდენივე მამული მოგეცემათ რუსეთის იმპერიაშიო. ხოლო შერიფ-ბეგის მამული იყო: ყარსის ოლქში 400 დესეტინა საშენი ტყე, შიგ ყარსშივე სავაყუფო (მეჩეთებისათვის შეწირული), დუქნები, აჭარის სავაყუფო (საეკლესიო), სოფლები: ხულო, დიდაჭარა, დოსხევი, ალმე და საზაფხულო საძოვრები. ყოველივე ამას ოსმალეთის სულთნების ფირმანებით და ქართველ მეფეტა მიერ ბოძებულ გუჯარებით ფლობდნენ შერიფ-ბეგის წინაპარნი და როგორც მათი კანონიერი მემკვიდრე, ფლობდა აგრეთვე შერიფ ბეგიც. შერიფ-ბეგი პეტერბურგში გარდაიცვალა და ანდერძის თანახმად, მისი ნეშტი შვილებმა აჭარაში სოფელ ქოჩახში გადმოასვენეს. მასთან ერთად დაკრძალულია დედა – დუდი ხანუმ ბეჟანიძე.

