შოთა მესხია (დ. 27 აპრილი, 1916, ობუჯი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტი – გ. 15 მაისი, 1972, თბილისი) – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1955), პროფესორი (1957), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1967), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1967). იყო “საქართველოს ისტორიის ნარკვევების” II ტომის რედაქტორი. 1937 წელს დაამთავრა თსუ ისტორიის ფაკულტეტი. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. 1943 წლიდან მოღვაწეობდა თსუ საქართველოს ისტორიის კათედრაზე. 1956 წლიდან გარდაცვალებამდე იყო საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე, ისტორიის ფაკულტეტის დეკანი (1961 წლიდან). დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

