სიკო ფაშალიშვილი (დ. 11 დეკემბერი, 1894, მაჩხაანი, სიღნაღის მუნიციპალიტეტი — გ. 18 მარტი, 1970, თბილისი) — მწერალი, ჟურნალისტი და მთარგმნელი. 1919 წელს ჩაირიცხა ახლადდაარსებულ თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე. ლიტერატურით სიკო ფაშალიშვილი ჯერ კიდევ სიყმაწვილეში დაინტერესდა. პირველი ლექსი 1909 წელს დაბეჭდა „ივერიაში“. მან ქართველ საზოგადოებას გააცნო შექსპირის „ჭირვეული ცოლოს მორჯულება“, „მეთორმეტე ღამე“, ლოპე დე ვეგას „ცეკვის მასწავლებელი“, ა. გრიბოედოვის „ვაი ჭკუისაგან“, პუშკინის, ნეკრასოვის, მიცკევიჩის და სხვათა ლექსები და პიესები. მანვე თარგმნა ეჟენ პოტიეს „ინტერნაციონალი“. ქართულ სცენას ამშვენებდა მისი ორიგინალური პიესებიც „საიქიო“, „თავი სიზმარში მგონია“, „ჩაჩანაკი კაკანათში“. სიკო ფაშალიშვილი კინოფილმ „ქეთო და კოტეს“ სცენარის ავტორია. განსაკუთრებით საგულისხმოა მწერლის მოღვაწეობა „ნიანგში“. მან დიდი ამაგი დასდო ქართული იუმორისტული ლიტერატურის განვითარებას. „ფარსადანის“ ფსევდონიმით გამოქვეყნებული მრავალი მისი იუმორისტული თუ სატირული ნაწარმოები დიდი პოპულარობით სარგებლობდა მკითხველში. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთან ერთად დაკრძალულია გიზი ფაშალიშვილი (1921-2006) – პედაგოგი.

