სიმონ გუგუნავა (დ. 30 ივნისი 1839 — გ. 18 ივლისი 1909) –
პოეტი, პოემა „თამარიანის“ ავტორი.
სწავლობდა ოზურგეთის სამაზრო სასწავლებელში, რომელიც არ დაუმთავრებია. 1872 წელს დაქორწინდა ნიკოლოზ ლორთქიფანიძის ასულ ფედოსიზე, რომელიც სილამაზით ყოფილა განთქმული. 1884-1888 წლებში იყო ქუთაისის საადგილმამულო ბანკის გამგეობის წევრი. მიაღწია პორუჩიკის ჩინამდე. 1889-1898 წლებში იყო ოზურგეთის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლი, 1892 წელს ფირალობის საკითხზე დაუპირისპირდა მაზრის უფროსს. ამის ნიადაგზე დადეშქელიანი მოხსნეს. 1898-1904 წლებში იყო ლეჩხუმის მაზრის მომრიგებელი მოსამართლე. 1888 წ. გამოიცა გუგუნავას პოემა „თამარიანი. ლექსად თქმული“, ისტორიული რომანის „თამარ ბატონიშვილის“ პოეტური გადამუშავებაა. გადმოცემის თანახმად გურიის სოფელ გორაბერეჟოულში, აკაკი წერეთლის რჩევით, რაფიელ ერისთავი და სიმონ გუგუნავა ერთამენთს გაეჯიბრნენ, რომელი მათგანი გალექსავდა უკეთ ისტორიულ რომანს „თამარ ბატონიშვილი“. ორივე ავტორის „თამარიანი“ 1888 წელს გამოიცა. გუგუნავას პოემაში შეინიშნება როგორც შოთა რუსთაველის, ასევე ხალხური ზეპირსიტყვიერების გავლენა. „თამარიანმა“ დიდი პოპულარობა მოიპოვა (1893-1990 წწ. თერთმეტჯერ გამოიცა). მისი მზითევში წაღება პრესტიჟული იყო, ზოგიერთი ადგილი სიმღერად იქცა, განსაკუთრებით პოპულარული გახდა „შალვა, ჩემო სიყვარულო“. თანამშრომლობდა პერიოდულ გამოცემებში 1893-1895 წლებში ამ ჟურნალებში ბეჭდავდა საკუთარ ლექსებს. გუგუნავას ეკუთვნის რამდენიმე ლექსი, მათ შორის „დედაენა“, „მოხუცის ანდერძი“, „ვუძღვნი მოსწავლე ქართველობას“. მას აგრეთვე ეუთვნის სარეცენზიო სტატია „ქართული გალობის გამო“. მისი სხვა ლექსები და პოემა „ტყვე სასტიკი ზამთრისა“ დაკარგულია სოფელ ნაგომარში გუგუნავას საცხოვრებელი სახლის, „პოეზიის სასახლის“ დაწვის გამო.
გარდაიცვალა ქუთაისში. დაკრძალეს ქუთაისში, ბაკისუბნის წმინდა გიორგის ეკლესიასთან. 1956 წელს გადაასვენეს ქუთაისის მწვანეყვავილას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

