სიმონ ყაუხჩიშვილი (დ. 14 ოქტომბერი, 1895, ქუთაისი — გ. 15 მაისი, 1981, თბილისი) – ბიზანტინოლოგი, ისტორიკოსი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1927), პროფესორი (1927), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1969), საქართველოში კლასიკური ფილოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ქართული ბიზანტინოლოგიური სკოლის დამაარსებელი. შეადგინა ლათინურ-ქართულ-ლათინური ლექსიკონი. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი 1917 წელს. ანტიკური ქვეყნებისა და საქართველოს ისტორიას ასწავლიდა ქალთა სემინარიაში. 1918 წლიდან თბილისის უნივერსიტეტშია, სადაც იგი საპროფესოროდ მოსამზადებლად იქნა დატოვებული ბერძნულ-ბიზანტიური ფილოლოგიის განხრით. 1923 წლიდან ასწავლის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1927 წლიდან ბიზანტინოლოგიის კათედრის გამგეა. 1960 წელს აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დაარსებისთანავე ს. ყაუხჩიშვილი სათავეში ჩაუდგა ამ ინსიტუტის ბიზანტინოლოგიის განყოფილებას და მას სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

