კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

სიმონა დოლიძე (დ. 1885, ამაღლება — გ. 25 სექტემბერი, 1911, ნატანები)
ფირალი და ტერორისტი.
დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში. მისი მამა ბათუმში მუშაობდა ნავსადგურში მტვირთავების ასისთავად. სიმონა სოფლის ორკლასიანი სასწავლებლის დასრულების შემდეგ ბათუმში გაემგზავრა და მამის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ მის ადგილზე დაიწყო მუშაობა. ბათუმში გაეცნო მარქსისტულ ლიტერატურას და ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. რევოლუციის დამარცხების შემდეგ დოლიძე ფირალად გავარდა და ტყეში გახიზნულ წითელრაზმელებს შეუერთდა.
რევოლუციური კომიტეტის დავალებით დოლიძემ მრავალი ტერორისტული აქტი და დავალება შეასრულა. მონაწილეობდა ლიანდაგების აყრაში, ძარცვავდა ბანკებს, ფოსტებსა და მატარებლებს. მოკლა მრავალი ჯაშუში და მღვდელი, თავისი სოფლის ორი მამასახლისი: წეროძე და კეკელიძე. წეროძის მკვლელობის გამო სოფელს დიდი გადასახადი შეაწერეს. კეკელიძემ კი დოლიძის ცოლი დაიბარა, შეურაცხყოფა მიაყენა, სილა გაარტყა და ქმრის გაცემა მოსთხოვა. დოლიძემ დღეობიდან დაბრუნებული კეკელიძე მოკლა.
გადმოცემის მიხედვით იყო საშუალო ტანის, მსუქანი, სქელი. ლამაზი სახის, თეთრფეროვანი და ჭრელთვალება. თანამედროვენი მას ახასიათებდნენ, როგორც უაღესად გულკეთილ, თავმდაბალ ადამიანს, თუმცა უსამართლობას რომ ნახავდა, პასუხის გაუცემლად არ დატოვებდა.
დოლიძემ გადაწყვიტა დაეტოვებინა გურია და ბათუმისკენ გასწია. მას თან ახლდა მისი სახლიკაცი ანდრო დოლიძე და ფირალი მელქისედეკ ბურჭულაძე. ნატანებში ისინი დასასვენებლად ერთ ნალიაში დაიმალნენ, სიმონას იმ დროს თურმე ფეხები აწუხებდა, ანდრო დოლიძე კი საჭმლის მოსატანად გაგზავნეს.
ამ უკანასკნელმა გასცა ფირალები და ჯარიკაცებმა პროპორშჩიკ ივანე ჯაფარიძის მეთაურობით ნალიას ალყა შემოარტყეს. ნალიიდან პირველი სიმონა დოლიძე გადმოხტა, მას მიჰყვა ბურჭულაძე. ბურჭულაძემ მოახერხა გაქცევა, სიმონა ორივე ფეხში დაიჭრა, მაგრამ შეძლო ჯაფარიძის მოკვლა. გადმოცემით, დაჭრილ დოლიძეს მაუზერი თავდამსხმელებისთვის გადაუგდია. ჯაფარიძეს ეს რომ დაუნახავს ბურჭულაძისთვის თავი დაუნებებია და მაუზერისკენ გამოექანა, სიმონას ის მეორე მაუზერით მოკლავს. ცნობილია, რომ სიმონა დოლიძე ორ მაუზერს ატარებდა — კონდახიანს, რომელიც თოფის მაგივრობას უწევდა და მეორე უკონდახოს. ასევე ხმარობდა თოფს და რევოლვერს.
სხვა ვერსიით ივანე ჯაფარიძე არა სიმონა დოლიძემ, არამედ მისმა მოადგილემ მოკლა პირადი ინტერესის გამო, და იმ დროს, რომ სიმონა დოლიძეს დაბრალებოდა.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments