სოკრატ არშბა (დ. 5 თებერვალი/18 თებერვალი, 1905, ოჩამჩირე, სოხუმის ოკრუგი — გ. 4 იანვარი, 1985, თბილისი) –
აფხაზი ქირურგ-უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1955), პროფესორი (1961), საქართველოს (1961) და აფხაზეთის (1961) მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, აფხაზეთის სამედიცინო საზოგადოების (1965), თბილისის უროლოგთა სამეცნიერო საზოგადოებისა (1968) და სსრკ უროლოგთა სამეცნიერო საზოგადოების (1972) საპატიო წევრი. იყო საქართველოს კპ აფხაზეთის საოლქო კომიტეტის წევრი და აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
1930 წელს დაამთავრა თსუ-ის სამკურნალო ფაკულტეტი. სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ არშბა მთელი რიგი წლების განმავლობაში მუშაობდა ქალაქ თბილისის სამკურნალო დაწესებულებებში, 1945 წლიდან კი — სოხუმის მეორე საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგედ. 1949 წლიდან მუშაობდა აფხაზეთის ასსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მთავარ ქირურგად. 1964 წლიდან განაგებდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ა. წულუკიძის სახელობის უროლოგიისა და ნევროლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს.
დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში. მასთან ერთად დაკრძალულია გიორგი მიროტაძე (1970-1992) – ექიმი, სამხედრო პირი, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის კავალერი. 1987-1989 წლებში მუშაობდა თბილისის ალ. წულუკიძის სახელობის უროლოგიისა და ნევროლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში სანიტრად. 1989 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო “ფაკულტეტზე. 1992 წლის 20 ნოემბერს წავიდა მოხალისედ აფხაზეთში, როგორც “თეთრი არწივის” სამედიცინო სამსახურის სანიტარული ინსტრუქტორი, მე-4 კურსის სტუდენტი თავისი პროფესიული ვალის მოსახდელად – დაჭრილების საშველად და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. 1992 წლის 29 დეკემბერს დაიღუპა ოჩამჩირის რაიონის სოფელ ათარა აფხაზსკაიაში.

