სოლომონ ჩოლოყაშვილი (1883-1944)
მეცნიერი, პედაგოგი, სოფლის მეურნეობის მუშაკი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
თბილისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლა ყირიმში(უკრაინა) ნიკიტინის მებაღეობა-მევენახეობის სასწავლებელში გააგრძელა; 1904 წელს რევოლუციური მოღვაწეობისათვის ნიკიტინის სასწავლებლიდან გარიცხეს, რის შემდეგაც სწავლა ავსტრიაში, ვენის მახლობლად მდებარე კლოსტერნოიბურგის მევენახეობის, მეხილეობისა და დეკორატიული მებაღეობის უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელა; 1907 წელს წარჩინებით დაამთავრა მევენახეობა-მეღვინეობის განყოფილება და ამავე ინსტიტუტში გააგრძელა სამეცნიერო-პრაქტიკული სამუშაოები;
1908 საქართველოში დაბრუნდა და აქტიურად ჩაერთო სასოფლო-სამეურნეო მუშაობაში; 1919-1923წწ. უმაღლეს სასოფლო-სამეურნეო კურსებზე მევენახეობის კურსს ხელმძღვანელობდა;
1920 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და პოლიტექნიკური ინსტიტუტის აგრონომიულ ფაკულტეტებზე მევენახეობის საგანში კითხულობდა ლექციებს; 1923 წელს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭომ სოლომონ ჩოლოყაშვილი დოცენტად აირჩია, 1926 წელს კი პროფესორის წოდება მიანიჭა. 1925 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით სოლომონ ჩოლოყაშვილი წელიწადნახევრიანი სამეცნიერო მივლინებით გაგზავნეს საზღვარგარეთ;
1931 წელს მისი ინიციატივითა და ძალისხმევით თბილისში დაარსდა მევენახეობა-მეღვინეობის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც წარმართავდა და ხელმძღვანელობდა სამეცნიერო მუშაობას მევენახეობა-მეღვინეობის სექტორში მაშინდელი საბჭოთა კავშირის მევენახეობა-მეღვინეობის ყველა რესპუბლიკაში. 1935 წლიდან ჩოლოყაშვილმა მევენახეობა-მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მუშაობას თავი მიანება და მთელი თავისი დრო და ენერგია მის მიერვე შექმნილ სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მევენახეობის კათედრას დაუკავშირა. ამ კათედრას ის 24 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა და კვლავაც აგრძელებდა სამეცნიერო მუშაობას.
დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე.

