სოლომონ დოდაშვილი (დ. 17 მაისი, 1805, სოფ. მაღარო — გ. 20 აგვისტო, 1836, ვიატკა, რუსეთი) – მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, ლოგიკის ქართული მეცნიერული სკოლის დამფუძნებელი. ავტორი მრავალი გავლენიანი სამეცნიერო შრომისა ლოგიკის, ქართული ენისა და ლიტერატურის ისტორიის სფეროებში. 1827 წელს, სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი დაამთავრა. 1828 წელს, ამავე უნივერსიტეტში ფილოსოფიის მაგისტრის ხარისხი აიღო. 1828-32 წლებში იყო პირველი ქართული გაზეთის „ტიფლისსკიე ვედომოსტის“ ყოველკვირეული დამატების მთავარი რედაქტორი. აქტიური წევრი იყო ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის, რის გამოც 1832 წელს დაპატიმრებულ იქნა (იხ. 1832 წლის შეთქმულება). 1836 წელს გარდაიცვალა ვიატკის საპყრობილეში (რუსეთი). 1994 წელს ვიატკიდან გადმოსვენებულ იქნა საქართველოში, დაიკრძალა მთაწმინდის პანთეონში.

