სოლომონ II (გამეფებადმე დავითი) – (დ. 1772 — გ. 7 თებერვალი. 1815, ტრაპიზონი). იმერეთის მეფე 1789-1810, სოლომონ I-ის ძმის, არჩილის, ძე. მისი დედა იყო ერეკლე II–ს და დარეჯანის ასული – ელენე. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ შერაცხულია წმინდანად, როგორც სამშობლოსათვის თავდადებული. ხსენების დღე – ძვ. სტ. 7 თებერვალი, ახ. სტ. 20 თებერვალი. იზრდებოდა პაპის კარზე. დამარცხებული დავით II, რომელმაც თავი დროებით ახალციხის საფაშოს შეაფარა, ტახტისათვის ბრძოლას განაგრძობდა. 1803 წელს სოლომონ II-მ ლიონიძის ელჩობით რუსეთს კვლავ სთხოვა მფარველობა, თუმცა, ამის პარალელურად, ოსმალეთშიც გააგზავნა ელჩობა, რომლის მეშვეობითაც რუსეთის მძლავრობისაგან დახმარებას ითხოვდა. მეფის ეს ორმაგი თამაში რუსეთმა შეიტყო, მისთვის ცნობილი გახდა ისიც, რომ სოლომონი მზად იყო ბაბა-ხანთან (აღა მაჰმად ხანის ძმისშვილი) ერთად გამოსულიყო რუსეთის წინააღმდეგ. მაშინ პავლე ციციანოვმა იმერეთის დაპყრობის დავალება მიიღო. 1804 წელს რუსები იმერეთში შეიჭრნენ და ხალხს ძალით აფიცებდნენ რუსეთის იმპერატორის, ალექსანდრე I–ს ერთგულებაზე. იმერეთის მეფე დიდ იმედებს ამყარებდა 1806 წელს დაწყებულ რუსეთ-თურქეთის ომზე, რადგან ამ ქვეყნების დასუსტება მისი სამეფოს გაძლიერებას შეუწყობდა ხელს. ომის მსვლელობისას, 1809 წლის ოქტომბერში, ტრაპიზონის სერასკირის, შერიფ-ფაშას სარდლობით ოსმალები გრიგოლეთსა და მალთაყვას შორის დაბანაკდნენ. 1810 წლის 9 მარტს გენერალ–მაიორ სიმონოვიჩისადმი გაგზავნილ წერილში სოლომონ მეფე თანხმობას აცხადებდა გადადგომაზე, თუ საცხოვრებლად იმერეთში დატოვებდნენ. რუსთაგან ლტოლვილი მეფე ახალციხეში გადავიდა. ახალციხეში გადახვეწილი სოლომონი არ წყვეტს ბრძოლას ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის. 1811 წლის 6 იანვრით დათარიღებულ წერილში იგი დახმარებას სთხოვს ნაპოლეონს. მაგრამ ეს წერილი უპასუხოდ რჩება. ამის შემდეგ მეფე ოსმალეთში გადადის, ჯერ ერზრუმში, შემდეგ კი – ტრაპიზონში, სადაც პატივით მიიღო იქაურმა ფაშამ, წარმოშობით ქართველმა თავადმა. 1815 წლის 7 თებერვალს, იგი გარდაიცვალა, დაკრძალეს ტრაპიზონში, წმ. გიორგის სახელობის ბერძნული ეკლესიის გალავანში. მეფის საფლავის ქვაზე ასეთი წარწერა ყოფილა ამოკვეთილი: “განმეძარცვა მე პირველქმნილი სიკეთე და მშვენიერება და მდებარე ვერ შიშველ და კდემული საფლავსა ამას შინა, ტომისაგან დავითისა, შთამოსრული ბაგრატიონი, ძე არჩილისა, სრულიად იმერთა მეფე სოლომონ, რომლისათვისაც ვითხოვ შენდობას. თებერვლის 8, ქორონიკონსა ქრისტეს აქეთ ჩყიე”. 1990 წლის შემოდგომაზე, სოლომონ II-ის ნეშტი საქართველოში გადმოასვენეს და გელათის მეფეთა საძვალეში დაკრძალეს.

საფლავის ერთ მხარეზე ქართულად აწერია:
“საფლავსა ამას შინა მდებარე არს იმერთა მეფე სოლომონ, წელი ჩყიე (1815).”
“ჰსაჯენ, უფალო, მავნებელნი ჩემნი და ჰბრძოდენ მბრძოლთა მათ ჩემთა.”
“მომიხსენეთ მე, ძმანო, საფლავსა ამას მდებარე მეფე სოლომონ.”
მეორე მხარეზე კი სწერია:
განმეძარცვა მე პირველ ქმნილი სიკეთე და მშვენიერება და მდებარე ვარ შიშველ და კდემული საფლავსა ამას შინა ტომისაგან დავითისა, შთამოსრული ბაგრატიონი, ძე არჩილისა, სრულიად იმერთა მეფე სოლომონ, რომლისათვისაცა ვითხოვ შენდობას. 7 თებერვალს 1815 წელს (ქორონიკონი ჩყიე).”