ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინი (რუს. Южин, Александр Иванович (ნამდვილი გვარი: Сумбатов)) (დ. 4 სექტემბერი/16 სექტემბერი, 1857, სოფ. კუკუევკა, ტულის ოლქი – გ. 17 სექტემბერი, 1927, ჟუან-დე-პენი, ნიცის მახლობლად). რუსი დრამატურგი, მსახიობი. წარმოშობით ქართველი. რსფსრ სახალხო არტისტი (1922). 1863-1877 წლებში ცხოვრობდა საქართველოში. დაამთავრა თბილისის ვაჟთა I გიმნაზია. 1877-1881 წლებში სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. მისი პირველი პიესებია “ცხოვრების უფლებები” (1877, დაკარგულია), “მეხამრიდი” (1879;1885 ვლადიმერ ნემიროვიჩ-დანჩენკოსთან ერთად გადააკეტა პიესად “შავარდნები და ყორნები”). ავტორია ოცამდე პიესისა, რომელთა ძირითადი ნაწილი სოციალურ პრობლემატიკას ეძღვნება (“საუკუნის ქალიშვილი”, 1860; “სახელგანთქმული კაცის მეუღლე”, 1884; “ჯაჭვები”, 1886; “მზის ჩასვლა”, 1889 და სხვა). საქართველოს უძღვნა სუმბათაშვილ-იუჟინმა ისტორიული დრამა “ღალატი” 1903. პროფესიულ სცენაზე პირველად გამოვიდა 1876 წელს თბილისში სოლცევის ფსევდონიმით, 1878-1879 წლებში გამოვიდა პეტერბურგის თეატრებში. არაერთხელ ყოფილა გასტროლებზე საქართველოში მცირე თეატრის დასთან ერთად. 1882 წლიდან გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა მოსკოვის მცირე თეატრში. დაკრძალულია მოსკოვში, ნოვოდევიჩის სასაფლაოზე.

