კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

თამარ აბაკელია (დ. 19 აგვისტო/1 სექტემბერი, 1905, დაბა ხონი — გ. 14 მაისი, 1953, თბილისი) –
მოქანდაკე, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1942).
დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (1929), 1938-იდან იქვე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. იყო “სარმას” წევრი. აბაკელიას მნიშვნელოვანი სკულპტურული ნამუშევრებიდან აღსანიშნავია რელიეფური ფრიზი (5 კომპოზიცია): “ბათუმის დემონსტრაცია”, “ოქტომბერი საქართველოში”, “საქართველოს ინდუსტრია”, “სოფლის მეურნეობა საქართველოში” და “ბედნიერი ცხოვრება” (ქვა, 1936-1937), ყოფილი მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის შენობის ფასადი, თბილისი; ეს ნამუშევარი 30-იანი წლებში საქართველოში მონუმენტური-დეკორატიული ქანდაკების პირველი მნიშვნელოვანი ნიმუშია; მეორე მსოფლიო ომის თემაზე შესრულებული კომპოზიცია “შურს ვიძიებთ!” (1944, ბრინჯაო, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, თბილისი); ლესია უკრაინკას ძეგლი (1952, ბრინჯაო, სურამი) და სხვა. გრაფიკული ნამუშევრებიდან აღსანიშნავია “იმერელი ბიჭი” (1928), “ბროწეულის კრეფა” (1930), “ბედნიერი ოჯახი” (1936), “რთველი” (1946, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი). აბაკელიამ საქართველოს მხატვრებს შორის ერთ-ერთმა პირველმა დაასურათა ვეფხისტყაოსანი (1930-იანი წწ., ხელნაწერთა ინსტიტუტი, თბილისი). მასვე ეკუთვნის “დავით სასუნცის” (1939) და ვაჟა-ფშაველას პოემების (1947, საქართველოს სურათების გალერეა, თბილისი) ილუსტრაციები.
დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთნ ერთად დაკრძალულია გულდა კალაძე (1932-1974) – მხატვარი, მოქანდაკე, საქართველოს დამსახურებული მხატვარი.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments