თამარ დეკანოსიძე (დ. 3 ნოემბერი 1922, ხარაგაული, — გ. 23 ივლისი 2008, თბილისი) – პათოლოგანატომი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1983), საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1973). მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1966), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1976). თბილისის საპატიო მოქალაქე (2002). 1991 წლის 9 აპრილს ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. 1943 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი (თსსი); 1943-1969 წლებში იყო ამავე ინსტიტუტის პათოლოგიური ანატომიის კათედრის ასისტენტი, დოცენტი, პროფესორი, 1969-1973 წლებში — ჰისტოლოგიის და ემბრიოლოგიის კათედრის გამგე; 1973-1996 წლებში — პათოლოგიური ანატომიის კათედრის გამგე; 1943-1990 წლებში მუშაობდა თბილისის სხვადასხვა დაწესებულებების პროზექტორად. 1980-2000 წლებში იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი პათოლოგანატომი, 1984-1999 წლებში — საქართველოს პათოლოგ-ანატომთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე. მონაწილეობდა თბილისში 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების შემსწავლელი სამთავრობო კომისიის მუშაობაში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. მასთან ერთად დაკრძალულია გიორგი თავზიშვილი (დ. 24 მარტი, 1902, სოფელი ბაზალეთი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტი — გ. 5 ოქტომბერი, 1963, თბილისი) – პედაგოგი, მეცნიერი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.

