თამაზ ბეჟანიძე (დ. 1941, ბათუმი — გ. 2012, ბათუმი) –
მოცეკვავე, ქორეოგრაფი, აჭარის დამსახურებული არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი, ბათუმის საპატიო მოქალაქე, აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი, საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე.
1974 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტის ქორეოგრაფიული განყოფილება. თამაზ ბეჟანიძე 32 წელი ხელმძღვანელობდა ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის პარკის ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ „გაზაფხულს“. პარალელურად ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას. 1974-1990 წლებში იყო აჭარის მუსიკალური და ქორეოგრაფიული საზოგადოების ქორეოგრაფიული განყოფილების გამგე. მისი უშუალო ხელმძღვანელობით საზოგადოებასთან შეიქმნა ვეტერანთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „მაჭახელა“ და ახალგაზრდული ანსამბლი „ბათუმი“.
გარდაიცვალა 2012 წლის 24 მარტს ქალაქ ბათუმში, დასაფლავებულია ფერიის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
