თამაზ მელიავა (დ. 23 დეკემბერი, 1929, თბილისი — გ. 27 აგვისტო, 1972, თბილისი) –
კინორეჟისორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.
საშუალო განათლება მიიღო თბილისში და სწავლა გააგრძელა მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1958 წელს. შემოქმედებითი მოღვაწეობა დაიწყო ა. დოვჟენკოს სახელობის კიევის კინოსტუდიაში. აქ დადგა პირველი ფილმი „უბრალო ნივთი“. 1959 წელს „მოსფილმში“ გადაიღო სრულმეტრაჟიანი ფილმები „ლეონ კუტიურე“ და „წყნარი ნავსადგომი“, რომლებითაც მიიპყრო მაყურებელთა ყურადრება. მალე ახალგაზრდა რეჟისორი სამშობლოში დაბრუნდა და აქ გამოავლინა თავისი დიდი შესაძლელობანი 1963 წელს ელდარ შენგელაიასთან ერთად გადაიღო ფილმი „თეთრი ქარავანი“, რომელმაც საყოველთაო მოწონება დაიმსახურა ჩვენშიც და უცხოეთშიც. ამ ფილმისათვის დამდგმელ რეჟისორებს 1967 წელს საქართველოს კომკავშირის პრემიის ლაურეატობა მიენიჭათ. ასევე წარმატებით მოიარა ქვეყნის ეკრანები მისმა სრულმეტრაჟიანმა ფილმა „ლონდრემ“.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
