ტარასი კვარაცხელია (დ. 10 მარტი 1889, სოფელი ნაკიფუ, ახლანდელი წალენჯიხის მუნიციპალიტეტი — გ. 27 აგვისტო 1951 თბილისი).
აგრონომი. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1936), პროფესორი (1946). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1941). საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1946). ლენინის სახელობის სასოფლო-სამეურნეო საკავშირო აკადემიის წევრი.
დაამთავრა უმანის მიწათმოქმედებისა და მებაღეობის სასწავლებელი 1911 წელს. იმავე წელს შედის სანქტ-პეტერბურგის სასოფლო-სამეურნეო უმაღლეს კურსებზე. 1914-1916 წლებში ხელმძღვანელობს სოხუმის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების ილორის საცდელ-საჩვენებელ სადგურს. 1925 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიის ფაკულტეტი. 1925 წელს ნიშნავენ აფხაზეთის მიწსახკომის სასოფლო-სამეურნეო განყოფილების გამგედ. სოხუმის საცდელ სადგურში მუშაობის დროს აქვეყნებს დიდი თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობის შრომებს. 1930 წლიდან გადაიყვანეს ოზურგეთში ჩაის მეურნეობის საკავშირო სამეცნიერო-საკვლევი ინსტიტუტის შესაქმნელად დაბა ანასეულში. 1932 წელს იგი მიავლინეს შორეულ აღმოსავლეთში. 1936 წელს ისევ სოხუმში გადაჰყავთ, ხოლო 1937 წლიდან იგი დანიშნეს სუბტროპიკული მეხილეობის კათედრის გამგედ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, სადაც მუშაობდა სიცოცხლის ბოლომდე.
იკვლევდა სუბტროპიკული კულტურების დიფერენცირებული აგროტექნიკის, ნიადაგის ეროზიის და მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს.
დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.
