ტარიელ ჟღენტი (დ. 23 თებერვალი, 1945, თბილისი — გ. 29 აგვისტო, 2023)
სპორტსმენი (სასტენდო და ტყვიის სროლა). საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1973). სპორტის რაინდი.
ევროპის ორგზის ჩემპიონი პირად პირველობაში (1973, 1981) და ხუთგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1972, 1973, 1974, 1981, 1984). ორგზის მეორე პრიზიორი (1975, 1982 — ორივე გუნდურში), საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი (1968, 1978, 1983) და საბჭოთა კავშირის ხალხთა V სპარტაკიადის მესამე პრიზიორი (1971). მსოფლიოს ოთხგზის რეკორდსმენი. 1973 წელს დაამყარა მსოფლიოს აბსოლუტური რეკორდი (200 შესაძლებლიდან 200 ქულა). საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1984-იდან).
1971 წლის მაისში მოსკოვში გამართულ „ლოკომოტივის“ ცენტრალური საბჭოს პირველობაზე სასტენდო სროლაში უშეცდომოდ დაამსხვრია 46 წყვილი სამიზნე და ახალი საკავშირო რეკორდი დაამყარა.
1971 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა თბილისის ლიქიორ-არყის ქარხანაში. შემდეგ, გაერთიანება „კრისტალში“ მეღვინედ. იყო „მონკავშირის“ (თბილისი) წევრი.
გარდაიცვალა 2023 წლის 29 აგვისტოს, 78 წლის ასაკში. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.

