კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

თედო ჟორდანია (დ. 10 აპრილი, 1854, სოფ. მოქვი, ახლანდელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი — გ. 22 ოქტომბერი, 1916, კასპი)
ისტორიკოსი, პედაგოგი, ფილოლოგი და საზოგადო მოღვაწე.
1878 წელს შევიდა მოსკოვის სასულიერო აკადემიაში, სადაც მიიქცია იმ დროის წამყვანი რუსი ისტორიკოსის ვასილი კლიუჩევსკის ყურადღება, რომელმაც ურჩია მოსკოვში დარჩენა; მაგრამ დაასრულა თუ არა აკადემია თედომ სამშობლოში დაბრუნება არჩია და აქ მასწავლებლობა დაიწყო. პარალელურად ეწეოდა მეცნიერულ მოღვაწეობასაც. დაუახლოვდა რა ილია ჭავჭავაძისა და დიმიტრი ბაქრაძის ირგვლივ მყოფ მეცნიერებს, ხელი მოჰკიდა საქართველოს სიძველეების მიკვლევა-დაუნჯებას და შესწავლას. მან დიდი ენერგია და ცოდნა შეალია ქართულ წყაროებზე მუშაობას. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის პირველწყაროთა გამოვლენასა და კრიტიკულ შესწავლაში. მან შემოიტანა სამეცნიერო მიმოქცევაში XIV საუკუნის უმნიშვნელოვანესი ძეგლი, ქსნის ერისთავთა საგვარეულო მატიანე „ძეგლი ერისთავთა“. დიდი მუშაობა გასწია „ქართლის ცხოვრების“ შედგენილობისა და ავტორების ვინაობის დასადგენად. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი „ქრონიკები და სხვა მასალა საქართვეელოს ისტორიისა და მწერლობისა“. ამ მონუმენტურ ნაშრომში შესულია მის მიერ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მრავალგზის მოგზაურობის დროს შეკრებილი დიდძალი მასალა ქრონოლოგიური პრინციპით დალაგებული, კომენტარებითა და კრიტიკული შენიშვნებით.
თედო ჟორდანია აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობითაც გამოირჩეოდა. იყო საეკლესიო-საარქეოლოგიო საბჭოს, საეკლესიო სიძველეთა დაცვის მზრუნველი კომიტეტის, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი და საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრი.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
 
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments