თედო რაზიკაშვილი (დ. ივლისი, 1869, სოფ. ჩარგალი, დუშეთის მუნიციპალიტეტი — გ. 19 იანვარი, 1922, სოფ. ხელთუბანი, გორის მუნიციპალიტეტი) – მწერალი. 1889 წელს დაამთავრა გორის სამასწავლებლო (საოსტატო) სემინარია. 1890-1905 წლებში იყო ხელთუბნის სკოლის მასწავლებელი. 1905 წელს რევოლუციური საქმიანობისათვის სამუდამო გადასახლება მიუსაჯეს, მაგრამ მანიფესტმა მოუსწრო. 1906 წელს სახლკარი გადაუწვეს. ერთხანს ფშავში იმალებოდა. 1890 წლიდან ქართულ ჟურნალ-გაზეთებში სისტემატურად იბეჭდებოდა რაზიკაშვილის ლექსები, მოთხრობები, პუბლიკაციური წერილები და სხვა. თედო რაზიკაშვილმა ხელთუბანში გაატარა თავისი აქტიური და შეგნებული ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი. ბევრს, მოამაგეობისა და ქვეყნის სარგებლიანობისათვის, უყვარდა იგი, ამიტომ თითქოს მოულოდნელიც კი იყო მისი მკვლელობა. სინამდვილეში ავაზაკების სადისტურ ქმედებას (მსხვერპლს დანებით ორმოცდათექვსმეტი ჭრილობა მიაყენეს) მიზეზი ჰქონდა. წიგნში „ცოტა რამ მამაჩემ-ბიძაჩემზე“ თედოს ქალიშვილი ეთერ რაზიკაშვილი ამ ამბის მოტივაციის შესახებ მოგვითხრობს: 1921 წლის თებერვლის ამბებთან დაკავშირებით ზოგმა გახიზვნა დააპირა, ზოგი პრაქტიკულად მიუდგა საქმეს. კოტე თუმანოვმა თედოს, როგორც სასოფლო-სამეურნეო ბანკისა და კოოპერაციის გამგეობის ერთ-ერთ წევრს, კოოპერაციის ქონების ურთიერთშორის გაყოფა შესთავაზა, სხვები მაინც დაიტაცებენო. თედომ მკვახე უარი მიაგება – სახელმწიფო ქონება კერძო დუქანი არაა, რომელი მთავრობაც მოვა, ქონებას თვითონვე უპატრონებსო. იმ კაცს პასუხი არ ესიამოვნა და მოსპო ცოცხალი მოწმე, 1921 წელს ის მამაჩემის მკვლელობის მეთაური გახდაო’. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

