თენგიზ აბულაძე (დ. 31 იანვარი, 1924, ქუთაისი — გ. 6 მარტი, 1994, თბილისი)
კონორეჟისორი. საქართველოს სახალხო არტისტი (1967), დაღესტნის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1972), სსრკ სახალხო არტისტი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი.
1943–1946 წლებში სწავლობდა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე. დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1953 წელს. თ. აბულაძის სადიპლომო ნამუშევარია კინონარკვევი “დიმიტრი არაყიშვილი”. მას შემოქმედების ადრეულ წლებში კინორეჟისორ რეზო ჩხეიძესთან ერთად გადაღებული აქვს დოკუმენტური ფილმები “ჩვენი სასახლე”(1953), “ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი”(1954) და მხატვრული ფილმი “მაგდანას ლურჯა”(ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობის მიხედვით, 1955). თენგიზ აბულაძის კინოფილმებია: “სხვისი შვილები”(1958), “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”(1962), “ვედრება”(1967), “სამკაული შემი სატრფოსათვის”(1972), “ნატვრის ხე”(1976), “მონანიება”(1984). გადაღებული აქვს დოკუმენტური ფილმები: “სვანური ჩანახატები”(1965), “მუზეუმი ღია ცის ქვეშ”(“დაღესტანი”, ტელეფილმი, 1972). თ. აბულაძე 1974 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, ამავე წლიდან იყო კინოსტუდია “ქართული ფილმის” პირველი შემოქმედებითი გაერთიანების სამხატვრო ხელმძღვანელი.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

