კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ვიქტორ თევზაია (1884-1932) – ამიერკავკასიის სეიმის, დამფუძნებელი კრებისა და ეროვნული საბჭოს წევრი. დამოუკიდებლობის დეკლარაციის (1918 წ.) ხელმომწერი. დაამთავრა ტფილისის სასულიერო სემინარია 1904 წელს. სწავლა განაგრძო ტომსკის უნივერსიტეტში, რომელიც 1904 წელსვე დატოვა და სამშობლოში, სენაკის მაზრაში დაბრუნდა და რევოლუციურ მოძრაობაში ჩაერთო. მცირე ხნით იყო დაპატიმრებული 1904 წლის აპრილში.  1905 წლის რევოლუციური მოძრაობის დროს იყო ფოთის ნავსადგურის სოციალ-დემოკრატიული პარტიის კომიტეტის წევრი და მუშათა მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი; ასევე სამეგრელოს გლეხთა მოძრაობის ხელმძღვანელიც. 1906 წელს, რეაქციის დაწყების შემდეგ, თავი გაარიდა გასამართლებას და არალეგალურად გაემგზავრა საზღვარგარეთ. საქართველოში 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა. იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი. 1917 წელს წარდგენილი იყო რუსეთის დამფუძნებელი კრების დეპუტატობის კანდიდატად რსდმპ-ის სიით. 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის თებერვლიდან იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წლიდან იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენელი უკრაინაში. 1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. იყო საბიუჯეტო-საფინანსო და შრომის კომისიების წევრი. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაება წინააღმდეგობის მოძრაობაში; იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის არალეგალური ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის წევრი. შემდგომ წლებში იგი მუშაობდა ეკონომიკურ დაწესებულებებში; მონაწილეობა არ მიუღია ბოლშევიკური რეჟიმის მიერ ზეწოლით განხორციელებულ საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის თვითლიკვიდაციის პროცესში. 1925 წლისათვის მუშაობდა ამიერკავკასიის შინავაჭრობის სახალხო კომისარიატის ეკონომიკური და სტატისტიკური განყოფილების უფროსად. 1920-იანი წლების ბოლოდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს პოლიტეკონომიაში. 1930-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა რეჟიმისათვის არასასურველი პროფესორების მორიგი წმენდისას, დაითხოვეს უნივერსიტეტიდან. 1923 წლიდან მუდმივი ფსიქოლოგიური ტერორისა და დევნის გამო ფსიქიკური პრობლემები გაუჩნდა და 1932 წლის ივნისის დასაწყისში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა თბილისის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. დაკრძალულია თბილისში, ზემო ვერის სასაფლაოზე. საფლავი აღმოაჩინა და ფოტო გამოგვიგზავნა ბატონმა იგორ კეკელიამ.
     
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments