ვაგან მამასახლისოვი (1907, თბილისი, — გ. 19 ივნისი, 1972, თბილისი)
ფიზიკოსი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1960).
1925 წელს დაამთავრა თბილისის მეორე სამრეწველო ტექნიკუმი და ჩაირიცხა ეგრეთწოდებულ რუსულ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. მუყაითი სტუდენტი ხელმოკლეობის გამო იძულებული გახდა დროებით შეეწყვიტა სწავლა და მუშაობა დაეწყო. 1927 წელს განაახლა მეცადინეობა.
1927 წლის დეკემბერში ვ. მამასახლისოვი გადაიყვანეს უნივერსიტეტში მათემატიკის ფაკულტეტზე, რომელიც 1930 წელს დაამთავრა და მუშაობა დაიწყო ამიერკავკასიის თბილისის საინჟინრო და სატყეო-ტექნიკურ ინსტიტუტში, სადაც კითხულობდა ლექციებს უმაღლეს მათემატიკასა და თეორიულ მექანიკაში.
1933 წელს ვ. მამასახლისოვი მიავლინეს ლენინგრადის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის ასპირანტურაში თეორიული ფიზიკის კურსის გასავლელად. 1936 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, რომელიც იყო ლენინგრადში პირველი დაცული დისერტაცია ატომბირთვის თეორიაში. შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში და სათავეში ჩაუდგა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის თეორიული ფიზიკის კათედრას, პარალელურად მოღვაწეობდა რესპუბლიკის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებშიც. 1943 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, 1960 წელს კი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად აირჩიეს.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

