ვაჟა ოკუჯავა (დ. 25 თებერვალი, 1930, თბილისი — გ. 2011) – ნეიროფიზიოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1966), პროფესორი (1967), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1974). თსუ-ის რექტორი. 1973-75 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პრორექტორი სამეცნიერო მუშაობის დარგში, 1975-80 წლებში – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიისა და ექსპერიმენტული მედიცინის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, 1978-88 წლებში – ფიზიოლოგიის ინსტიტუტის უჯრედის ფიზიოლოგიის, პათოლოგიისა და ფარმაკოლოგიის ლაბორატორიის გამგე, 1993-97 წლებში – სხივური და ინტერვენციული დიაგნოსტიკის ინსტიტუტის განყოფილების გამგე. 1980 წლის 12 მარტს ვ.ოკუჯავა დაინიშნა თსუ-ის რექტორად. ამ პერიოდში აღინიშნა სამეცნიერო -კვლევითი მუშაობის მნიშვნელოვანი გაფართოება ფაკულტეტებსა და კათედრებზე, ბევრი ახალი ლაბორატორიის შექმნა და ამუშავება. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

