ვალერიან კანდელაკი (დ. 19 ივლისი, 1918, სოფ. სუფსა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი — გ. 2 აპრილი, 1983, თბილისი) – დრამატურგი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. საშუალო სკოლა ბათუმში დაამთავრა 1936 წელს და იქვე შევიდა პედაგოგიურ ინსტიტუტში ჯერ მათემატიკის, შემდეგ ფილოლოგიის ფაკულტეტზე. პარალელურად დაუსწრებლად სწავლობდა საკავშირო იურიდიულ ინსტიტუტში, საბოლოოდ 1940 წელს დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი და ხელი მიჰყო იურისტობას. თავი დაანება თავის პროფესიას და ხელი მოჰკიდა მწერლობას. თეატრმა მოიწონა და დადგა ახალგაზრდა დრამატურგის რამდენიმე ნაწარმოები, დრამატურგს ეკუთვნის „მაია წყნეთელის“ კინოსცენარი. ფილმს დიდი წარმატება ხვდა წილად. მისივე სცენარით განხორციელდა სატელევიზიო დადგმები „მოლოდინი“ და „იხატებოდა სურათი“. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

