ვალერიან მეტრეველი (1917-2004) – საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. 1956 წლიდან ვალერიან მეტრეველი ხელმძღვანელობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ელექტრიფიკაციის მთავარ სამმართველოს. 1961-1974 წლებშისაქართველოს სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის სამეცნიერო – კვლევითი ინსტიტუტის დირექტორია. 1974 წელს, დაინიშნა საქართველოს სასოფლო – სამეურნეო ინსტიტუტის რექტორად, სადაც მუშაობდა 1983 წლამდე. 1983 წლიდან 1990 წლამდე აკადემიკოსი ვალერიან მეტრეველი სრულიად საკავშირო სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ამიერკავკასიის რეგიონული განყოფილების თავმჯდომარე და მეცნიერული უზრუნველყოფის დარგში საქართველოს სასოფლო – სამეურნეო წარმოების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა. ამ პერიოდში მან მოამზადა ნიადაგი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აღსადგენად, ხოლო 1990 წელს, აკადემიის აღდგენის შემდეგ, იგი აირჩიეს ამ აკადემიის პრეზიდენტად. ვალერიან მეტრეველი იყო საქართველოს უმაღლესი საბჭოს სამი მოწვევის დეპუტატი, აგრარულ საკითხებში საქართველოს პარლამენტის საკონსულტაციო საბჭოს წევრი, საქართველოს აგრარული პოლიტიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს კოლეგიის წევრი, საქართველოს ენციკლოპედიის, საქართველოსა და საზღვარგარეთის მრავალი სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი, 25 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სადისერტაციო საბჭოებს. დაკრძალულია თბილისში, ვერის სასაფლაოზე.

