ვლადიმერ (ვალოდია) სულაქველიძე (1884-1954) –
1918-1921 წლებში ქუთაისის მილიციის უფროსი.
1918 წლის დასაწყისში, ქუთაისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარის, გრიგოლ ურატაძის კაბინეტის კარი მაღალმა, ძლიერი აღნაგობის ახალგაზრდა კაცმა შეაღო. ურატაძე მას ელოდა. წინა დღით საბჭოს სხდომაზე დიდი განსჯა იყო, ვინ დაენიშნათ ახალშექმნილი მილიციის უფროსად – ქალაქში გახშირებული ძარცვა-გლეჯისა და ახალჩამოყალიბებული ნაციონალური პოლკების თავნებობისთვის (რომლებიც ბოლშევიკურ აგიტაციას იყვნენ აყოლილი და ხშირად ქალაქს არბევდნენ) ბოლო რომ მოეღო. ამ დრომდე ვერც ერთი მილიციის უფროსი ვერ გაუმკლავდა ამ ძნელ ამოცანებს. დეპუტატთა ერთმა ჯგუფმა მორიგ ცდაზე ვლადიმერ სულაქველიძეს გაუწია რეკომენდაცია. მეორე დღეს ვლადიმერ სულაქველიძე უკვე მილიციის უფროსი იყო და ბოროტმოქმედებისგან ქალაქის გაწმენდას ენერგიულად შეუდგა. რამდენიმე კვირაში ვალოდიამ ქუთაისი სრულად გაწმინდა ყველა საეჭვო პირისგან და სანიმუშო წესრიგი დაამყარა; ქალაქი ნორმალური ცხოვრების წესს დაუბრუნდა. გადმოცემის თანახმად, როცა ქუთაისში, ბაღის კიდეზე სამხედრო შინელით, ზურგზე ხელებდაწყობილი მილიციის უფროსი ვლადიმერ სულაქველიძე გაისეირნებდა, შემორჩენილი თითო-ოროლა ბაცაცა მაშინვე გულგახეთქილი იმალებოდაო. შინაგან საქმეთა მინისტრმა ნოე რამიშვილმა გადაწყვიტა, თბილისის მილიციის უფროსად ქალაქის თვითმმართველობისთვის ვლადიმერ სულაქველიძის კანდიდატურა შეეთავაზებინა და 1919 წლის აპრილის დასაწყისში ის სპეციალური ბრძანებით თბილისში მიიწვია. ქუთაისის ქალაქის საბჭომ შუამდგომლობა აღძრა შინაგან საქმეთა სამინისტროსადმი, რომ ვლადიმერ სულაქველიძე ქუთაისში დაეტოვებინათ, მაგრამ შსს-მ მოთხოვნა არ გაითვალისწინა.
1921 წელს, მთავრობასთან ერთად გაემგზავრა ემიგრაციში, დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

