ივანე ზურაბიშვილი (დ. 1872 — 14 ივნისი, 1940, პარიზი) –
საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, პუბლიცისტი, მთარგმნელი.
ადრე დაობლდა. 1891 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. სწავლობდა ჯერ კიევში, შემდეგ მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1895 წელს. დაბრუნდა საქართველოში, შეირთო ცოლი (ნიკო ნიკოლაძის ასული, ნინო) და დასახლდა ჯერ ქუთაისში, ხოლო 1897 წლიდან, თბილისში. ეწეოდა პუბლიცისტურ, მთარგმნელობით (მოპასანი, დოდე, ფრანსი, აგრეთვე პოლონური, გერმანული, იტალიური და სხვ.ნაწარმოებები) ჟურნალისტურ საქმიანობას, თანამშრომლობდა „ივერია”-ში, „მოამბე”-ში, „ცნობის ფურცელ”-ში, „ერი”-ში, აგრეთვე რუსულ პრესასთანაც («Новое Обозрение», «Кавказ»). რამდენიმეჯერ იმოგზაურა ევროპაში. 1908— 1919 წლებში ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარი იურისკონსულტია. რამდენიმე წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სათავადაზნაურო ბანკის ზედამხედველ კომიტეტს. იყო თბილისის ნაფიც ვექილთა საზოგადოების თავმჯდომარე, ტყიბულის მაღაროთა გამგეობის თავმჯდომარე. 1921 წლიდან ოჯახიანად ემიგრაციაშია, ჯერ სტამბოლში, ხოლო 1924 წლიდან — პარიზში. აგრძელებდა პუბლიცისტურ საქმიანობას. 1936 წელს დაიბეჭდა მისი წიგნი „საქართველოს საერთაშორისო მდგომარეობა”. მისი სიკვდილის შემდეგ —1962 წელს, პარიზში გამოვიდა ზურაბიშვილის მოგონებათა წიგნი — „კარგ ქართველთა ხსოვნისათვის”, რომელიც უძვირფასეს მასალას შეიცავს XIX-XX საუკუნეთა მიჯნის საქართველოს ისტორიისათვის.
ვანო ზურაბიშვილი გარდაიცვალა 1940 წლის 14 ივნისს, პარიზთან ახლოს. დაკრძალულია ლევილში.

