ვარლამ სიმონიშვილი (დ. 1884, შემოქმედი — გ. 23 მარტი, 1950) – მომღერალი, გურული ხალხური სიმღერების შემსრულებელი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. 1901 წლიდან ვარლამ სიმონიშვილი ფილიმონ ქორიძესთან ერთად გალობის მასწავლებლად მუშაობდა. ფილიმონ ქორიძის დახმარებით სიმონიშვილმა ისწავლა მუსიკალური ნოტები. პირველი გუნდი 1903 წელს ჩამოაყალიბა 15 კაცის შემადგენლობით. 1906 წელს შექმნა გურულ-აჭარული ხალხური სიმღერების გუნდი, სადაც გურულებთან ერთად შვიდი ქობულეთელი შეიყვანა. ჩაწერა საგალობელთა კრებული „11 მარგალიტი“. 20-იანი წლებიდან სიმონიშვილი დაინიშნა გურიის სამაზრო რევოლუციური გუნდების ხელმძღვანელად, ხოლო 1929 წლიდან ხელმძღვანელობდა ოზურგეთის აბრეშუმის ქარხნის ოთხმოცდაათკაციან გუნდს. 1927 და 1935 წლებში წარმატებით გამოვიდა კონცერტებზე მოსკოვში. გარდა გუნდების ხელმძღვანელობისა, სიმონიშვილი საკუთარ ნაწარმოებებსაც წერდა. დიდი როლი შეასრულა გურული ხალხური სიმღერების განვითარებაში, შექმნა ამა თუ იმ სიმღერის ცალკეულ ხმათა ვარიანტები. გარდაიცვალა 1950 წელს. დაკრძალულია შემოქმედის მონასტრის ეზოში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა შოთა ერქომაიშვილმა, რისთვისაც ვუხდით მადლობას.

