ვასილ კვაჭანტირაძე (დ. 4 იანვარი, 1907, კონჭკათი — გ. 9 თებერვალი, 1950)
ქართველი სნაიპერი. ბალტიისპირეთის 1-ლი ფრონტის 43 არმიის 179-ე მსროლელი დივიზიის 259 მსროლელთა პოლკის სნაიპერი,ზემდეგი. საბჭოთა კავშირის გმირი. მეორე მსოფლო ომის ერთერთი გამორჩეული სნაიპერი.
დაიბადა 1907 წლის იანვარში სოფელ კონჭკათში ღარიბი გლეხის ოჯახში. 1918 წელს მისი მშობლები საცხოვრებლად გადავიდნენ გურიანთაში. გურიანთაში მან მიიღო დაწყებითი ოთხწლიანი განათლება. 1939 წლიდან იყო კომუნისტური პარტიის წევრი.
1941 წლიდან მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. მონაწილეობდა სტალინგრადის, კალინინის, ყირიმის ბრძოლებში. განსაკუთრებით გამოჩინა თავი 1944 წელის ზაფხულში ბელორუსიაში ვიტებსკის ოლქის გათავისუფლებისას. 23-27 ივნისს მოწინააღმდეგის თავდაცვის გარღვევისას, სოფელ შუმილინოს მიდამოებში და ვიტებსკის გერმანული დაჯგუფების ლიკვიდაციისას გაანადგურა 44 მოწინააღმდეგე. 1945 წლის 24 მარტის სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით, ვასილ კვაჭანტირაძეს გამოჩენილი გმირობისთვის მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება ლენინის ორდენის გადაცემით და მედლით „ოქროს ვარსკვლავი“(№6377). სულ კვაჭანტირაძის ანგარიშზე 528 განადგურებული მოწინააღმდეგეა. ასეთ შედეგს მხოლოდ ერთეულებმა მიაღწიეს მეორე მსოფლიო ომის დროს. სხვა ცნობილ სნაიპერთაგან ვასილი ზაიცევს 242 მოწინააგმდეგე ჰყავს განადგურებული, ივან კულბერტინოვს 489, ივან სიდორენკოს 500 და ეს ყველაზე საუკეთესო მაჩვენებლებია წითელი არმიის რიგებში.
კვაჭანტირაძე ომის შემდეგ, 1946 წლის იანვრიდან მუშაობდა კოლმეურნეობის თავჯდომარედ მშობლიურ სოფელში, გურიანთაში. გარდაიცვალა 1950 წლის 9 თებერვალს.

