ვასილ პეტრიაშვილი (დ. 4 მარტი [ ძვ. სტ. 20 თებერვალი], 1842, სოფ. წალასყური, გარდაბნის მუნიციპალიტეტი ― გ. 8 აგვისტო [ ძვ. სტ. 26 ივლისი], 1908, კარლსბადი, ახლანდელი კარლოვი-ვარი) – ქიმიკოსი. 1865 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო აკადემია. იმავე წელს ჩაირიცხა ნოვოროსიის უნივერსიტეტში (ოდესა). 1870 წლიდან, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მუშაობას იწყებს იქვე, ტექნიკური ქიმიის კათედრაზე. 1874 წლიდან დოცენტია, 1879 წლიდან პროფესორი, 1905 წლიდან დეკანი. 1907 წელს ირჩევენ რექტორად. ვასილ პეტრიაშვილი უმაღლესი სასწავლებლის პირველი ქართველი რექტორია. სამეცნიერო საქმიანობისათვის მივლინებული იყო ბონში, პარიზში, ევროპის სხვა ქვეყნებში.
ვასილ პეტრიაშვილის ნაშრომები ორგანულ ქიმიაში მეცნიერულად მეტად მნიშვნელოვანი და ღირსშესანიშნავია. მან დიდი სახელი მოიხვეჭა როგორც რუსეთში, ასევე ევროპის სხვა ქვეყნებში. ის იყო გამოჩენილი ქიმიკოსი, რომელმაც მეცნიერებაში წარუშლელი კვალი დატოვა. დიმიტრი მენდელეევმა, მისი დროის ახალგაზრდა ქიმიკოსთა შორის საუკეთესოდ ვასილ პეტრიაშვილი დაასახელა. სახელგანთქმული ქიმიკოსი ნ. ზელინსკი მას ოდესის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილების საუკეთესო ხანის, საუკეთესო წარმომადგენლად თვლიდა. თანამედროვენი ვასილ პეტრიაშვილს ახასიათებდნენ საუკეთესო შინაგანი ბუნების ადამიანად, კარგ ორგანიზატორად და სტუდენტების საყვარელ პედაგოგად. ვასილ პეტრიაშვილი დიდ ყურადღებას იჩენდა საქართველოსადმი და ქართულ პერიოდულ პრესაში, სისტემატურად ბეჭდავდა პუბლიცისტურ წერილებს სოციალურ, სამეურნეო თუ სამეცნიერო საკითხებზე. ეწეოდა მეცნიერების პოპულარიზაციას საქართველოში, ტექნიკური ტერმინებით ამდიდრებდა ქართულ ენას. რუსეთის იმპერიაში პირველი, მეცნიერულ საფუძველზე დამყარებული წიგნი მეღვინეობაზე ვასილ პეტრიაშვილმა ქართულ ენაზე დაწერა და დაბეჭდა. მჭიდრო კავშირი ჰქონდა გამოჩენილ ქართველ მოღვაწეებთან. სწავლაში ხელს უწყობდა და ეხმარებოდა საქართველოს გარეთ მცხოვრებ ახალგაზრდებს, იყო თბილისში უნივერსიტეტის დაარსების ერთ–ერთი ინიციატორი. გარდაიცვალა 1908 წელს კარლსბადში (ახლანდელი კარლოვი-ვარი). ცნობილი მეცნიერი და მოღვაწე ოდესაში დროებით დაკრძალეს, შემდეგ თბილისში, ვერის სასაფლაოზე გადმოასვენეს, მოგვიანებით კი ვაკის სასაფლაოზე იქნა დაკრძალული.

