ვახტანგ აბრამაშვილი (1928-1992) – საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისა(1951) და მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტის(1956) არქიტექტურის ფაკულტეტები. 1972 წლიდან 1988 წლამდე “თბილქალაქპროექტში” არქიტექტურულ საამქროს ხელმძღვანელი; მისი პროექტებით თბილისში დაგეგმარდა ვაკის პარკში ღია კინოთეატრი, მთავარი შესასვლელი, აშენდა საქართველოს მთავრობის კანცელარია, პოლიტგანათლების სახლი (აღმაშენებლის პროსპექტზე), სარეაბილიტაციო ცენტრი, ოტოლარინგოლოგიური კლინიკა, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ღუდუშაურის სახელობის კლინიკა, საბავშვო ბაღები, მუსიკალური სკოლები, ადმინისტრაციული სახლები (გლდანსა და საბურთალოზე), ორი მეტროსადგური, მიწისქვეშა გადასასვლელები; ასევე – პანსიონატები (ბაკურიანსა და წყნეთში), ეროვნული ბიბლიოთეკა (კიშინიოვში), 555-ადგილიანი სასტუმრო (მახაჩკალაში), არქიტექტორთა შემოქმედებითი სახლი (გაგრაში), საცხოვრებელი კომპლექსები გლდანის მასივსა და ვაზისუბნის დასახლებაში; სისტემატურად მონაწილეობდა გამოფენებსა და კონკურსებში; მიღებული ჰქონდა 14 პრემია. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს ზედა პანთეონში.

