კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ვახტანგ VI (დ. 15 სექტემბერი, 1675 ― გ. 26 მარტი, 1737, ასტრახანი) – ქართლის გამგებელი (ჯანიშინი) 1703-1714 წლებში, მეფე 1716-1724 წლებში, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, პოეტი, მთარგმნელი, ისტორიკოსი, კოდიფიკატორი და მეცნიერი. მის სახელთანაა დაკავშირებული პირველი ქართული სტამბის დაარსება და რუსთველოლოგიისათვის, როგორც მეცნიერული დისციპლინისათვის საფუძვლის ჩაყრა. 1709 წელს დაიბეჭდა „სახარება“, „დავითნი“ და „სამოციქულო“, ხოლო 1712 წელს, ვახტანგ VI-ის რედაქციითა და კომენტარებით, პირველად დაიბეჭდა „ვეფხისტყაოსანი“. ვახტანგ VI იყო თავისი დროის ერთ-ერთი გამოჩენილი პოეტი, მეცნიერი, მთარგმნელი, კრიტიკოსი, რედაქტორი, კომენტატორი და საგანმანათლებლო საქმის ორგანიზატორი. მან თარგმნა და გადმოაკეთა დიდაქტიკური ლიტერატურის თვალსაჩინო ნიმუშები: „ქილილა და დამანა“, „ამირ-ნასარიანი“, „სიბრძნე მალაღობელი“ და სხვა. ძველ ქართულ მწერლობაში ერთ-ერთმა პირველმა შექმნა პატრიოტული ლირიკის ნიმუშები. ჰუმანიტარული მეცნიერებების გარდა, ვახტანგი გატაცებული იყო ასტრონომიით, მათემატიკით, გეოგრაფიით, ქიმიით და მედიცინით. მან თარგმნა „ზიჯის“ ანუ „ვარსკვლავთა კატალოგი“, რასაც დაურთო მის მიერვე შედგენილი სპარსულ–ქართული ასტრონომიულ-ასტროლოგიური ლექსიკონი. ვახტანგ VI-მ შეადგინა ქიმიის სახელმძღვანელო: „წიგნი ზეთების შეზავებისა და ქიმიის ქმნისა“. იგი დიდ ყურადღებას აქცევდა მედიცინასაც — შინაარსობრივად გამართა, შენიშვნები დაურთო და ყოველდღიურ გამოსაყენებელ სამედიცინო წიგნად აქცია „კარაბადინი“. 1724 წელს ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის გამო ვახტანგი იძულებული გახდა რუსეთში გამგზავრებულიყო, სადაც სიკვდილამდე ცხოვრობდა, თუმცა მას გადასახლებაშიც არ შეუწყვეტია აქტიური საზოგადოებრივი თუ კულტურულ-სამეცნიერო მოღვაწეობა. ვახტანგ VI გარდაიცვალა 1737 წლის 26 მარტს ქალაქ ასტრახანში, დაკრძალულია ასტრახანის მიძინების ტაძარში. მასთან ერთად დაკრძალულნი არიან: თეიმურაზ II (დ. 1700, თბილისი — გ. 8 იანვარი 1762, სანქტ-პეტერბურგი) – კახეთის მეფე 1709-1715, გამგებელი 1733-1744, ქართლის მეფე 1744-1762. პოეტი. გაიოზ რექტორი (1746-1821) – საეკლესიო მოღვაწე, მთარგმნელი, დიპლომატი.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments